top of page
Search

"ონის კასკადი" თუ ... ლაჯანური?

  • Writer: Levan Babukhadia
    Levan Babukhadia
  • May 20, 2020
  • 2 min read

Updated: May 21, 2020

ამ პოსტის დაწერის შემდეგ შევიტყვე, რომ ლაჯანურჰესი ფუნქციონირებს, მას ფლობს და მართავს Energo-Pro Georgia, 2019 წელს დაახლოებით ~365 მლნ. კვტსთ გამოიმუშავა (ანუ, საპროექტო ~505-ის ~73%) და მეოთხე ადგილზეა ამ მაჩვენებლით ენგურის კასკადებისა და ვარციხეჰესის შემდეგ (ესკო)! შესაბამისად, მისი ეფექტურობის საგრძნობი გაზრდაც კი ვერ ჩაანაცვლებს ონის კასკადის საპროექტო სიმძლავრეს. თუმცა, მაინც ვიტყოდი, რომ ეფექტური სატარიფო და საგადასახო ენერგოპოლიტიკით კარგი და აუცილებელიც კია, რომ ქვეყანამ ახალი ჰესების მშენებლობასთან ერთად, არსებულთა რეაბილიტაცია და მათი სიმძლავრეების საგრძნობი გაზრდაც წაახალისოს. თან იქნებ დავიტანოთ ეს ისტორიული და ულამაზესი ჰესი საქართველოს ენერგეტიკისა და გეოგრაფიულ რუქებზე!
 

20 მაისი, 2020 წ


შვიდი წლის წინ, 2013-ის ზაფხულში, პირველად ვიმოგზაურეთ სვანეთში. დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი უშგულიდან რაჭა-ლეჩხუმში დავეშვით საოცარი და თავგადასავლებით აღსავსე მარშრუტით, ლენტეხის გავლით. ლენტეხიდან ლეჩხუმის გავლით გზად რაჭისკენ, ალპანა-ცაგერის გზის მონაკვეთზე, გადავაწყდით თვალწარმტაც ლაჯანურის წყალსაცავს. დავინტერესდით და გავჩერდით კაშხალთან, რომელიც ამ წყალსაცავს ქმნის. იქ მომსახურე პერსონალსაც გავესაუბრეთ, რომელმაც დაუზარებლად გაგვიზიარა ლაჯანურის ისტორია.

გამოირკვა, რომ ეს კაშხალი ყოფილა აშენებული ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგურისთვის:

ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური, ბ. ჭიჭინაძის სახელობისა — საქართველოს ერთ-ერთი დიდი ჰიდროელექტროსადგური, პირველი უნიკალური მაღალთაღოვანი კაშხალით (კაშხალის სიმაღლე 69 მ). აშენებულია ცაგერის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის აუზში გადმოგდებული მდინარე ცხენისწყლის ჩანადენზე. მშენებლობა დაიწყო 1953 წელს და დამთავრდა 1960 წელს. სადგურის სიმძლავრეა 112,5 ათასი კვტ, წლიურად გამოიმუშავებს 505 მლნ. კვტ·სთ ელექტროენერგიას. ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის მშენებლობის წარმატებით დამთავრებამ დასაბამი მისცა ყოფილ სსრკ-ში პროგრესული ტიპის კაშხალების მშენებლობას. (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 151, თბ., 1983 წელი.)

"ონის კასკადზე" ატეხილმა აჟიოტაჟმა გამახსენა ლაჯანური და მოვიძიე მისი ასავალ-დასავალი.


საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გვერდზე გათავსებულია არსებული ჰიდროელექტროსადგურების რუქა, სადაც ლაჯანურის ჰესი არ ფიგურირებს. არც სიტყვა ლაჯანური იძებნება სამინისტროს გვერდზე.

დავინტერესდი და არც google რუქებზეა დატანილი ეს ამხელა ნაგებობა. სულ რომ არაფერი, ისტორიული მნიშვნელობის ხომ მაინცაა და თან ამხელა წყალსაცავს იჭერს დღემდე!

როგორც ჩანს, ეს ჰესი არ ფუნქციონირებს. არც ის ვიცი, რამდენი ხანია, რაც არ ფუნცქიონირებს.


აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ეს უდიდესი ჰესი იყო საქართველოშიც და ამიერკავკასიაშიც. მხოლოდ მისი დასრულების და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ (1960 წ.) დაიწყო ენგურჰესის კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 1961-78 წლებში მიმდინარეობდა.


ლაჯანურის ჰესი აღჭურვილი იყო ოთხი 29 მგვტ-იანი ტურბინით და შესაბამისად სადღაც 116 მგვტ საერთო სიმძლავრით.


მდ. ენგურის ჰესების კასკადის (ანუ, ენგურჰესისა და ვარდნილჰების) გამოკლებით , ლაჯანურის ჰესი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არც ერთ ჰესს არ უდებს ტოლს!


თავად განსაჯეთ. ჟინვალჰესის სიმძლავრე (130 მგვტ) ოდნავ აღემატება მისას, ხოლო ხრამჰესი II (110 მგვტ) მასზე ოდნავ ნაკლები სიმძლავრისაა.


რატომ არ შეიძლება ლაჯანურის ჰესის განახლება, ახალი ტექნოლოგიებით და სავარაოუდოდ უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე ტურბინებით მისი აღჭურვა?


ხომ შესაძლებელია, თეორიულად მაინც, რომ მისი განახლებული სიმძლავრე თითქმის გაუტოლდეს კიდეც "ონის კასკადის" საპროექტო სიმძლავრეს ( ონი1 - 122 მგვტ, ონი2 - 84 მგვტ)?


ამ დარგის სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ კითხვა ბუნებრივად გამიჩნდა. იქნებ, არსებობს გამომრიცხავი მიზეზები და თუ ასეა, მაშინ ამ კითხვაზეც მარტივად გაეცემა პასუხი.


მაგრამ XXI საუკუნეში არ უნდა იყოს შეუძლებელი ლაჯანურჰესის რეაბილიტაცია ხოლო არსებული ულამაზესი წყალსაცავის სარეკრიაციო-ტურისტული მიზნებისთვის გამოყენება.


თუ ეს თემა "გადაღეჭილია" ენერგეტიკისა და ტურიზმის სამინისტროების მიერ, მაშინ ბოდიშს მოვითხოვ და ჩავთვალოთ, რომ ლაჯანურის შესახებ ცნობადობა გავზარდე, ოდნავ მაინც, და უბრალოდ მისი რამოდენიმე ლამაზი სურათი გავაზიარე...

Comments


  • facebook
  • twitter
  • linkedin

©2020

bottom of page